Skip to content

სიმაღლეში ზრდის პრობლემები

July 11, 2011


დიდი მაგრამ სიატერესო და აუცილებელი პოსტია


ადამიანის სიმაღლეზე გავლენას გარეგანი და შინაგანი ფაქტორები ახდენს. უმთავრესი შინაგანი ფაქტორი ადამიანის გენეტიკური პოტენციალია. ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. არავის უკვირს, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი პირობა: სწორი კვება. მეტად მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე – თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი.

გარეშე ფაქტორების რიცხვს ეკუთვნის ბავშვის ასაკთან შეთანადებული ბალანსირებული, ადაპტირებული კვება. ამ ფაქტორის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რაც მოზარდებში, განსაკუთრებით – ვაჟებში, შესამჩნევად მოიმატა ზრდის ტემპმა. ეს პროცესი უფრო აშკარაა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კვების პრობლემა, ფაქტობრივად, არ დგას, ჩვენს ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ოჯახი, სადაც ბავშვთა კვების საკითხი მოუგვარებელია. შესაძლოა, ამიტომაც არის უფროსკლასელებს შორის ამდენი ტანდაბალი მოზარდი.
ზრდის ტემპის შეჩერებას მძიმე, ქრონიკული დაავადებებიც იწვევს. იმ ენერგიის ნაწილს, რომელიც ზრდას უნდა მოხმარებოდა, დასუსტებული ორგანიზმი ჯანმრთელობის აღსადგენად ხარჯავს, თანაც ზრდის პროცესის ინტენსივობა გამოჯანმრთელებისთანავე არ აღდგება.
სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები ფიზიკური აქტიურობით არ გამოირჩევიან, ბურთზე, ველოსიპედსა და ციგურებზე მეტად ტელევიზორი და კომპიუტერი იზიდავთ. ფიზიკური აქტივობისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა კი სიმაღლეში ზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს.
ზრდაში ჩამორჩენის კიდევ ერთი მიზეზი არაადეკვატური ფსიქოსოციალური გარემოა: ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან დედის სითბოს და, საზოგადოდ, ადამიანურ ყურადღებას, ხშირად ზრდის შეფერხება აღენიშნებათ.

ზრდის დარღვევა სხეულის პროპორციებზეც აისახება. მიიჩნევა, რომ იდეალური პროპორცია – ფეხის სიგრძის (ბოქვენის ძვლის ზედა ნაწილიდან ქუსლამდე არსებული მანძილის) შეფარდება სიმაღლესთან – დაახლოებით 0.61-ის ტოლია. რაც უფრო ნაკლებია ეს თანაფარდობა, მით უფრო ახლოს არის სხეულის პროპორცია იდეალთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო გრძელია ფეხი, მით უფრო ლამაზია ადამიანი (სილამაზის კონკურსების კრიტერიუმები გაიხსენეთ). სქესობრივი მომწიფების პერიოდში ეს მაჩვენებელი 0,52-ს უტოლდება. საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ არასაკმარისად დაბალანსებული კვების რეჟიმის, დაავადებებისა თუ სხვა არასასურველი ფაქტორების გავლენით ზრდაში ჩამორჩენა უმეტესად ფეხების სიგრძის მატების შეფერხების ხარჯზე ხდება. მოზარდებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ზრდის გენეტიკური პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ, მოკლე ფეხები აქვთ.

სიმაღლე და ჰორმონები
ზრდის პროცესში, გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტორებისა, უდიდეს როლს ასრულებს ჰორმონული ბალანსი. ამიტომაც არის, რომ პაციენტებს, რომლებიც სიმაღლეში ჩამორჩენას უჩივიან, უმეტესად ენდოკრინოლოგის დახმარება სჭირდებათ.
ძვლის ზრდას აკონტროლებს ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალი – ჰიპოფიზი წარმოქმნის. თვით ზრდის ჰორმონისგამომუშავებას კი თავის ტვინის სათანადო ცენტრები ასტიმულირებს. მაგრამ ზრდის ჰორმონი ორგანიზმის სიმაღლის ერთადერთი რეგულატორი არ არის. ორგანიზმში გამოიყოფა მისი ანტაგონისტიც – ჰორმონი სომატოსტატინი. ადამიანის ნორმალური სიმაღლე სწორედ ამ ორი ჰორმონის ბალანსის საფუძველზე მიიღწევა.
ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფარისებრი ჯირკვლისჰორმონს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. მისი ნაკლოვანება ანელებს ყველა ცვლით პროცესს, მათ შორის – ძვლოვან სისტემაშიც.
ნივთიერებათა ცვლაზე სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონიც მოქმედებს. მისი პროდუქციის მომატება განსაზღვრულ ზღვრამდე ასტიმულირებს ძვლის ზრდას, შემდეგ კი იწყებს ზრდის ზონების დათრგუნვას და ზრდის პროცესს ასრულებს. ეს პროცესი იოლი შესამჩნევია მოზარდებს შორის სქესობრივი მომწიფების პერიოდში: დაახლოებით 16-დან 18 წლამდე მიმდინარეობს სწრაფი ზრდა, რომელსაც ზრდის შენელება ენაცვლება.

რაკი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, ერთ-ერთი მათგანის ფუნქციის ცვლილება ხშირად სხვების ფუნქციონირებაშიც იწვევს გადახრას. შესაბამისად, ირღვევა სიმაღლეში ზრდის პროცესიც.

როგორ იზრდებიან მოზარდები
ბავშვის ზრდის სათანადო შეფასებისთვის საჭიროა, გავაანალიზოთ რამდენიმე ნიშანი. პირველ ყოვლისა, თავად სხეულის სიგრძის მაჩვენებელი. ეს რიცხვი თავისთავად შესაძლოა ბევრს არაფერს გვეუბნებოდეს; მთავარია, აღინიშნებოდეს სიმაღლის ყოველწლიური მატება. სხეულის ზრდის სიჩქარეზე გავლენას ახდენს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეტორული აქტივობა. თუ მატება უმნიშვნელოა, აუცილებელია ბავშვის ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა სპეციალიზირებულ კლინიკაში.
საზოგადოდ, მოზარდები ყველაზე სწრაფად გაზაფხულზე იზრდებიან, სხეულის მასას კი ყველაზე ინტენსიურად შემოდგომაზე იმატებენ. გოგონებში ზრდის ტემპი 10 წლიდან ჩქარდება, რაც 17-19 წლამდე გრძელდება, ხოლო ვაჟებში იგივე პროცესი 14 წლიდან იწყება და გრძელდება 19-20 წლამდე.
სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე ორგანიზმის ზრდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ზრდის ჰორმონისა და ინსულინის ზემოქმედებით მიმდინარეობს. უმცროსკლასელთა ლულოვანი ძვლების ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზრდის ჰორმონი.
როგორც აღვნიშნეთ, ზრდის პროცესების დაჩქარებასა თუ შენელებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, თუმცა გარეშე ფაქტორებმა შესაძლოა მათი გავლენა შეასუსტოს. ცნობილია, რომ მოზარდებს, რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობენ და მუდმივი, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა აქვთ, ფიზიკური და სქესობრივი მომწიფება 1-2 წლით უგვიანდებათ.
ქრონიკული დაავადებები, უმთავრესად – გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთი სნეულებები, როგორიც არის რევმატიზმი, გულის მანკი, ასევე – ფილტვისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, მოზარდ ასაკში საგრძნობლად აფერხებს ზრდას. აღარაფერს ვამბობთ ენდოკრინულ დაავადებებზე.

მშობლებს დიდი გულისყური მოეთხოვებათ, რათა დროულად შეამჩნიონ შვილის ზრდაში ჩამორჩენა და მოზარდი პედიატრსა და ენდოკრინოლოგს აჩვენონ. სათანადო მკურნალობა საშუალებას მოგვცემს, ბავშვის გენეტიკური პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ზრდას
ზოგიერთს ჰგონია, რომ კარგად იკვებება, თუ ძვირადღირებულ შებოლილ ძეხვს, შავ ხიზილალასა და ნაირ-ნაირ დელიკატესს მიირთმევს. ეს ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრია. სწორი კვება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებულ შეთავსებას გულისხმობს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინები მხოლოდ C ვიტამინი არ არის და არც მინერალებში იგულისხმება მხოლოდ კალციუმი.
ნორმალურად კვება არ ნიშნავს მხოლოდ საკვების საკმარის კალორიულობას და აუცილებელი კომპონენტების (ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინების, მიკროელემენტების) სიუხვეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი კარგი ათვისება.
თითოეული ადამიანი შეგნებულად უნდა მიუდგეს საკუთარ რაციონს. ეცადეთ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ნატურალური საკვები (თერმულად დაუმუშავებელი ხილი და ბოსტნეული). მასში უფრო უკეთ არის შენარჩუნებული ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ზრდას ასტიმულირებს. უთუოდ მიირთვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც, რადგანაც ისინი ძვლის ზრდისთვის აუცილებელ შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავს, ოღონდ ერიდეთ ცხიმს.
აუცილებლად შეიტანეთ რაციონში სტაფილო – მასში უხვად არის კაროტინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ზრდის მთავარ ფაქტორად – A ვიტამინად გარდაიქმნება.
კაროტინი არის ასევე ისპანახში, სალათის ფურცლებში, მჟაუნასა და ასკილის ნაყოფში.
A ვიტამინი ბევრია ნაღების კარაქში, მოუხდელ რძეში, კვერცხის გულში, ღვიძლში.
ძვლის ზრდას ხელს უწყობს ასევე D ვიტამინი. მას ორგანიზმი მზის სხივების ზემოქმედებით ითვისებს. ამ ვიტამინის უკმარისობა შესაძლოა რაქიტის მიზეზად იქცეს.
არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ხაჭოსა და ყველს, რომლებიც კალციუმის შესანიშნავი წყაროა.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: