Skip to content

ნარკოტიკი და ადამიანი

October 22, 2011


,,ვინც ყაყაჩოს ცრემლებს გასინჯავს
მთელი ცხოვრება ტირის”

თემა პირველი: რა არის ნარკოტიკი

ნარკოტიკი (ბერძნული სიტყვაა narkotikos და ნიშნავს გამაბრუებელი)_ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული მოქმედების ნარკორიკი. მათში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ჯგუფი:

1.დეპრესანტები, რომლებიც თავის ტვინზე დამთრგუნველად მოქმედებენ. ესენია ოპიატები–ნივთიერებები, რომლებიც მზადდება ყაყაჩოდან მიღებული ოპიუმის სხვადასხვა დონემდე გადამუშავებით. მაგ: ოპიუმი(„შავი“), ჰეროინი, მორფინი, მეტადონი ,კოდეინი და სხვა. დეპრესანტებს ასევე განეკუთვნება ალკოჰოლი და ა. შ.

2. სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას, ესენია: კოკაინი, კრეკი, ამფეტამინები(ვინტი, ექსტაზი), კოფეინი.

3. ჰალუცინოგენები, რომლებიც იწვევენ უნებლიე მოჩვენებებს–ჰალუცინაციებს. ესენია: LSD (ელესდი), მარიხუანა, ჰაშიში(მიიღება კანაფისგან), სხვადასხვა ტოქსიური ინჰალანტები(წებოები, საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა პროდუქტები) და სხვა.

ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ. კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა.

ნარკოტიკებს არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს. გამოსვლის ფაზაში თავს იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა; მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა.

ნარკოტიკების უმეტესობას ახასიათებს ე. წ. ტოლერანტობა ანუ მიჩვევა. ამის გამო ადამიანები ერთიდაიგივე ეფექტის მისაღწევად იძულებულნი არიან მზარდი დოზებით მოიხმარონ ნარკოტიკები. ამ დროს უკვე პიროვნება ხდება წამალდამოკიდებული და აღარ შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკზე, რადგან მას უვითარდება აბსტინენცია ანუ „ლომკა“, როდესაც მრავალ არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდის. მას აღენიშნება: ძლიერი ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, უძილობა, დეპრესია, უსაფუძვლო შიშები , შფოთვა, უმადობა, კუჭ–ნაწლავის აშლილობა, ძლიერი გადაღლა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის მოხმარების მტანჯველი სურვილი.ნარკოტიკების მოხმარების ადრეულ ეტაპზე ადამიანი არ აქცევს ყურადღებას გვერდით მოვლენებს, რადგან მათგან მიღებული სიამოვნება დასაწყისში აღემატება უსიამოვნო შეგრძნებებს,თუმცა გადის დრო და სიამოვნება ნელ–ნელა მცირდება, მის მისაღწევად ნარკოტიკის უფრუ და უფრო დიდი დოზებია საჭირო. სიამოვნების შემცირებასთან ერთად წინა პლანზე იწევს ის არასასურველი მოვლენები, რაც ნარკოტიკების ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავ ს.

ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.

თემა მეორე: მოზარდი და ნარკოტიკი
– როგორ გავლენას ახდენს შვილზე მამა-ნარკომანი?
– მიიჩნევა, რომ ბავშვები, რომლებიც ნარკომანთა ოჯახებში იზრდებიან, დიდი რისკის წინაშე დგანან. ცხადია, არც ერთ მშობელს არ უნდა, მისი შვილი წამალდამოკიდებული გახდეს; უკრძალავენ ნარკოტიკების გასინჯვას, ესაუბრებიან მათ მავნე გავლენაზე. ფსიქოლოგიურად ეს ის შემთხვევაა, როცა მამა ეუბნება შვილს: “არ მოიქცე, როგორც მე ვიქცევი; მოიქეცი ისე, როგორც მე გეუბნები”. ასეთი დამოკიდებულება ბავშვებში გაურკვევლობასა და გაორებას იწვევს, მათ უყალიბდებათ ძლიერი არასრულფასოვნების კომპლექსი და დაბალი თვითშეფასება. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, როცა სერიოზული სირთულის პირისპირ აღმოჩნდებიან, ასეთი ადამიანები ხშირად პრობლემის გადაჭრის ნაცნობ ხერხს – ნარკოტიკს მიმართავენ.

– ცნობილია, რომ მშობელი ყველაზე გვიან იგებს შვილის ნარკოტიკებით გატაცების შესახებ. რას უნდა მიაქციოს მან ყურადღება, რომ ეს არ გამოეპაროს?
– თუ ოჯახში ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს, ოჯახის წევრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულებაა, არ არის დარღვეული დედა-მამა-შვილის ფსიქოლოგიური სამკუთხედი, წარმოუდგენელია, შვილის ფერისცვალება ვერ შეამჩნიო. მით უმეტეს, ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ცვლილებები საკმაოდ შესამჩნევია: ბავშვს აღარაფერი აინტერესებს, ხდება გულჩათხრობილი, იმპულსური, გაურბის ოჯახის წევრებთან კონტაქტს, თავს არიდებს ძველ მეგობრებს, ხდება გონებაგაფანტული, უყურადღებო, ჩამორჩება სწავლაში, აცდენს გაკვეთილებს და, რაც მთავარია, იძირება ტყუილების მორევში, გამუდმებით ითხოვს ფულს, იჩენს ახალ ნაცნობ-მეგობრებს, რომლებთანაც მხოლოდ წამალი აკავშირებს. იმის გამო, რომ ჩვენი საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული ნარკოტკების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოფიზიკური ცვლილებების შესახებ, მშობელი შვილის უცნაურ ქცევას ხშირად მხოლოდ გარდატეხის ასაკს მიაწერს. ძვირფასო მშობლებო! თუ ამჩნევთ, რომ თქვენს შვილს ხასიათი მკვეთრად შეეცვალა, დასჩემდა უძილობა, უგუნებობა, უხალისობა, ადვილად ღიზიანდება, უმიზეზოდ გამოხატავს აგრესიას, უხეშობს, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის მშობლებთან კონტაქტს – შეეცადეთ, ჩაუღრმავდეთ ამ ცვლილებებს და დახმარების ხელი გაუწოდოთ მას. გახსოვდეთ: ვიდრე მოზარდი ეპიზოდური მომხმარებელია, მისი გადარჩენა შესაძლებელია. ოღონდ ჩხუბით, დასჯითა და შეურაცხყოფით ვერაფერს მიაღწევთ, პირიქით, საქმეს უფრო მეტად წაახდენთ. მეგობრული და თბილი დამოკიდებულებით, ბავშვის ინტერესების გაზიარებით, მისი მოსმენით, მისი პიროვნული ღირსებებისა და შესაძლებლობების პატივისცემით უფრო უკეთეს შედეგს მიიღებთ.

– ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად მშობელმა?
– თუ მშობელს შვილის არაჯანსაღი მდგომარეობის შესახებ ეჭვი გაუჩნდა, უნდა მიმართოს ნარკოლოგს ან ფსიქოთერაპევტს. არსებობს ტესტი შარდის გამოკვლევით ყოველგვარი ნარკოტიკის გამოსავლენად. ეს საშუალებას იძლევა, დროულად და მიზანმიმართულად გავატაროთ სათანადო ღონისძიებები. გარწმუნებთ, ხშირად მოზარდი ნანობს თავის საქციელს, მაგრამ უკან დასახევ გზას ვერ ხედავს. კარგი იქნება, თუ ამ დროს ეკლესია გახდება მისთვის ბნელსა და ნათელს შორის გადებული ხიდი. სცადეთ, შვილთან ურთიერთობის მოგვარებაში მოძღვარიც დაიხმაროთ.

– როგორ დავიცვათ ისინი, ვისაც ნარკოტიკი ჯერ არ გაუსინჯავს?
– ყოველივე ცუდის საწყისი უცოდინარობაა. მშობელს, მასწავლებელს, საზოგადოების ყოველ წევრს სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ნარკოტიკებისა და ნარკომანიის შესახებ. მშობელმა უნდა იცოდეს, რა ემუქრება მის შვილს; მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს ეს ინფორმაცია ბავშვებს, მათთვის უფრო მისაღები და გასაგები როგორ გახადოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ნარკოტიკი და ნარკომანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა მიიღონ. მათ ცნობიერებაში ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ნარკომანია ურთულესი დაავადებაა, – ხოლო ნარკომანი – ავადმყოფი. ამ შემთხვევაში “ნარკომანი” მათთვის ავტორიტეტული და მისაბაძი პიროვნების სინონიმად აღარ იქცევა. ავადმყოფობა არავის უნდა. არავინ ამაყობს თავისი დაავადებით, არც დაავადებულს ბაძავს.

ყურადღება: თემა მეორე: ”მოზარდი და ნარკოტიკი ” შეიცავს საავტორო უფლებებს http://mkurnali.ambebi.ge/index.php/narkologia/2660-mozardi-da-narkotiki.html?start=1

ფეისბუქის გვერდი ნარკომანიის წინააღმდეგ: http://www.facebook.com/pages/ნარკოტიკი-კლავს/145078258858329?sk=wall

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: